Sunday, July 4, 2010

სახლი–ფეხსაცმელი



ინტერნეტში უმიზნო ხეტიალისას და უცნაური ნაგებობების თვალიერებისას გადავაწყდი ამ სიმპათიურ სახლ–ფეხსაცმელს.

ის აშშ–ში, პენსილვანიის შტატში მდებარეობს. ნაგებობა 1948 წელს აშენდა ექსცენტრიული და კოლორიტული ფეხსაცმლის მაგნატის – მაილონ ჰეინსის( Mahlon Haines) შეკვეთით.
სახლი–ფეხსაცმელი დაახლოებით 12 მეტრი სიგრძის და 8 მეტრი სიმაღლისაა.

არა მხოლოდ თავად სახლი, არამედ მთელი მიმდებარე ტერიტორია ფეხსაცმელთან ასოცირდება. ფეხსაცმლის ფორმისაა ფანჯრები, ღობის დეკორაცია, საფოსტო ყუთი და ძაღლის სადგომიც კი.

ამ სახლმა–ფეხსაცმელმა რამდენიმე წუთით ბავშვობაში დამაბრუნა. ის პატარა წიგნი გამახსენა, ყდაზე ქალი, ბევრი ბავშვი, სახლი–ფეხსაცმელი რომ ეხატა, ინგლისური საბავშვო ლექსები რომ ეწერა ქართული თარგმანითურთ და რომელიც რატომღაც განსაკუთრებულად მიყვარდა.:D კრებულის ყველა ლექსი ზეპირად ვიცოდი ინგლისურადაც და ქართულადაც.

აი, ერთ–ერთი მათგანი:

There was an old woman who lived in a shoe
She had so many children, she didn’t know what to do;
She gave them some broth without any bread;
Then whipped them all soundly and put them to bed.

ქართული თარგანი დაახლოებით ასეთი იყო:
არც სახლში და არც საბძელში ქალი ცხოვრობს ფეხსაცმელში,
ასეთია წვრილი შვილი, უთვალავი შვილიშვილი,
როგორ უვლის, რა ძალა აქვს, ან რას აჭმევს, რაც არა აქვს,
აუხურებს ყველას ყურებს და საწოლში გაისტუმრებს.

მახსოვს, თან მეცოდებოდნენ გალახული მშიერი ბავშვები და თან ცოტა მშურდა, ასეთი უცნაური სახლი რომ ჰქონდათ.



ეჰ, რაღაცნაირად გამეღიმა... თბილად.
როცა ჩავალ დედოფლისწყაროში, ის წიგნი უნდა მოვძებნო, დარწმუნებული ვარ, დედას შენახული ექნება.
ესეც ასე, „ჩემთვის მუნდიალი დასრულდა–მეთქი“ ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ყველა დარჩენილი თამაშის ყურებას ვაპირებ. ჰოლანდია მესიმპათიურება, ევროპაში სწორედ მას ვქომაგობ და მასზე გადავიტან ყურადღებას, მაგრამ...
დღეს არა უშავს, ნორმალურად ვარ უკვე, მეტ ნაკლებად გადავხარშე გუშინდელი დღე მაგრამ გუშინ... ფანკლუბის რომ არ მომრიდებოდა, უცრემლოდ ვერ ჩაივლიდა ის კოშმარი. არა, „არგენტინელად“ არ ვგრძნობ თავს, არც „ჩემს მეორე სამშლობლოდ“ მივიჩნევ ვერცხლის ქვეყანას, მაგრამ ნამდვილად არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, გუშინდელი დღის მერე განადგურებული ვიყავი მეთქი.
კიდევ კარგი, დედაჩემმა ვერ ნახა ჩემი შეშლილი სახე, მთელი ღამე წინ და უკან სიარული, აკანკალებული ხელით დალეული ვალერიანი და ზედ დაყოლებული თავის ტკივილის წამალი. ისედაც ძალიან განიცდის, ასე, მისი აზრით, ზედმეტად რომ ვარ გატაცებული ფეხბურთით და ასეთ აშკარა უკიდურესობას ვერ გაუძლებდა.
მარადონა რომ დაინიშნა არგენტინის ნაკრების მწვრთნელად, გულმა ცუდი მიგრძნო. მართლა ღმერთი უნდა იყო ალბათ ასე, ჰაერზე რომ მოხვიდე ამხელა საფეხბურთო ტრადიციების მქონე ნაკრების სათავეში და საჩემპიონო გუნდი ააწყო. მარადონა კი ღმერთი არ არის. მსოფლიოს ყველა დროის უძლიერესი ფეხბურთელი და მეფე კი ბატონო, მაგრამ ღმერთი არაა... არც თანამედროვე ფეხბურთია ის, რაც მარადონას დროს იყო... აშკარაა, მეტ ნაკლებად ყველამ ისწავლა თამაში და დღეს ყოვლად წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა, თუნდაც დიეგოსნაირი ტალანტის მქონემ, შეძლოს მთელი გუნდის საკუთარ კისერზე „წამოკიდება“...
არა, მეც და ალბათ არგენტინის ქომაგების დიდმა უმეტესობამაც მუნდიალის დაწყებამდე ვიცოდით, რომ საჩემპიონო გუნდი არ ვიყავით, იმასაც კარგად ვხვდებოდით, როცა დაცვაში ასეთი პრობლემები გაქვს და ძანეტი–კამბიასოს დარ ფეხბურთელებს 23 კაციან განაცხადში ვერ მოუძებნი ადგილს, დაისჯები, მაგრამ ის, რაც გუშინ მოხდა, ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი არ მოელანდებოდა ალბისელესტეს არც ერთ გულშემატკივარს. სანამ ყველაფერი კარგად იყო, მაინც იმედიანად ვიყავით თითქოს და ხავსს ვეჭიდებოდით.
დაცვის და მეკარის პრობლემა ტრადიციულად რომ გვაქვს, არ ახალია, მაგრამ კარგი მწვრთნელის დანიშვნა რა გახდა? ასე რთულია იმისი დანახვა, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მხოლოდ ფეხბურთელების მაღალ ოსტატობას შეეძლო ბევრი უმნიშვნელოვანესი თამაშის ბედის გადაწყვეტა? ჯერ პეკერმანი რა იყო და დღემდე მას მივტირი. რაც არგენტინას ვქომაგობ, მასზე უკეთესი მწვრთნელი არ ჰყოლია ალბისელესტეს.
არ ვიცი, არ ვიცი... მომავალშიც რომ არ ჩანს რამე პერსპექტივა? 2014 წელს ბრაზილიაში არის ვითომ მომგები ალბსელესტე? მე, ბუნებით გამოუსწორებელ ოპტიმისტსაც კი დიდად არ მჯერა ამისი.
მოკლედ, გადავედი ისევ მოლოდინის რეჟიმში და იმედს არ ვკარგავ, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ალბისელესტეს ჩემპიონობა, საქართველოს ნაკრებს კი ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრა და თუნდაც ახალი ზელანდიისნაირი გამოსვლა ეღირსება. მე მჯერა...

Sunday, June 6, 2010

ბეკი, ბეკი

ერთი ჩვეულებრივი "დვარნიაშკა" ძაღლი იყო. დაახლოებით ცამეტი წლის წინ მომიყვანეს დაბადების დღეზე. თვინახევრის, ხუჭუჭაბეწვიანი ყავისფერი არსებისთვის თეთრი ბაბთა შეებათ და "მარსის" ყუთში "ჩაეკუჭათ" დეიდაჩემის მეგობრებს.მახსოვს, ლამის გადავირიე სიხარულით. პერი ჰქვიაო, ასე მითხრეს. სახელი არ მომეწონა. ლეკვი პირველ იანვარს ყოფილა დაბადებული, უცნაურია, მამაჩემსაც ახალ წელს აქვს იუბილე. დედამ იხუმრა, რადგან ერთ დღეს არიან დაბადებულები, ლეკვს მამაშენის (ბესიკის) მსგავსი სახელი დავარქვათ, ბეკიო. იდეა მაშინვე ავიტაცე. მამამ თავიდან ცოტა კი გააპროტესტა, მაგრამ ბოლოს თვითონაც მოეწონა სახელი და ბევრი აღარ გვიფიქრია. ასე იქცა პერი ბეკიდ.
მოგვიანებით ძაღლის სახელმა ბებიას "სიცოცხლე გაუმწარა". "ბეკი,"–ს მაგიერ ხშირად "ბესიკ, ბესიკს" ეძახდა და ჩვენს სიცილზე ბუზღუნებდა, რას არ მოიგონებთ, სხვა რამე ვერ დაარქვითო.
სანამ ბეკის მაჩუქებდნენ, რამდენიმე ლეკვი მყავდა. ისე მოხდა, რომ ყველა როგორღაც ქუჩაში გაიპარა და მანქანამ გაიტანა. ამით შეშინებული ბეკის ლამის ოცდაოთხი საათი თვალს ვადევნებდი, სახლში მყავდა ჩაკეტილი. ეზოში თითქმის არ ვუშვებდი. ქუჩის კარზე ვიყავი დადარაჯებული, ვინმეს ღია რომ არ დარჩენოდა. რძესაც ჩემი ხელით ვაჭმევდი.
იზრდებოდა ბეკი და ჩემი ზედმეტი მზრუნველობით, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, "სულ უფრო ტუტუცდებოდა". ჩემგან მეტისმეტად განებივრებულმა საჭმლის დაწუნებაც დაიწყო. პურს ვინ ჩივის, სპეციალურიად მისთვის მოხარშული კვერცხის ცილას ტოვებდა და მხოლოდ გულს მიირთმევდა.ერთი ეგ არის, ბანაობას ვერ მივაჩვიე ვერაფრით. თუ სხვა დროს სულ მელაქუცებოდა, როგორც კი მის დაბანას მოვინდომებდი, ღრენას და კბენას იწყებდა. მეც შეშინებული ვეღარ ვეკარებოდი და დადიოდა ასე ბინძური. წელიწადში ერთხელ ჩემები ძილის წამალს ასმევდნენ და ისე ახერხებდნენ საშინლად ჭუჭყიანი ბალნის შეკრეჭას.
სხვათა შორის, კატებთან "ძმაკაცობდა". მშვენივრად ეწყობოდა ჩვენს კატა "ფასიკოს", ამ უკანასკნელის სიკვდილის მერე კი "ვიწიას". მეტიც, რძეს რომ დავუსხამდით, ელოდებოდა, როდის მორჩემოდა კატა "საუზმობას" და თვითონ მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა ჭამას.
ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველაფერი ესმოდა. საკმარისი იყო, მეთქვა, მაკრატელი მომიტანეთ, ბეკის თმა უნდა შევაჭრა მეთქი, მაშინვე სადღაც გაიპარებოდა და იმალებოდა. ცოფზე აცრა სძულდა ჭირის დღესავით. ორი ქალბატონი ატარებდა აცრას. ბეკი ორივეს სცნობდა. სხვა დროს უცხოს შემოსვლაზე თუ ყეფით იკლებდა მთელ ეზოს, მათ დანახვაზე ჩუმად შეძვრებოდა მაგიდის ქვეშ და მათ წასვლამდე ვერაფრით გამოვიტყუებდით ხოლმე. ისინიც იძულებულები იქვნენ, ვაქცინა დაეტოვებინათ. საწყალ ბებიაჩემს დიდი წვალების ფასად უჯდებოდა ბეკის დაჭერა და მისთვის ნემსის გაკეთება. ყოველი აცრისა და შეკრეჭის შემდეგ ბებიაჩემს ერთი კვირით "ებუტებოდა". მის მიწოდებულ საჭმელს პირს არ აკარებდა და როგორც კი დაინახავდა, კუდამოძუებული შეძვრებოდა ხოლმე მაგიდის ქვეშ, ჩვეულ სამალავში.
მერე წამოვედი თბილისში. ხან მთელი ნახევარი წელი ისე გადიოდა, ვერ ვახერხებდი სოფელში ჩასვლას, მაგრამ არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ ბეკის ვერ "ვეცნე". ყოველთვის პირველი მეგებებოდა, მხიარული წკმუტუნით და კუდის ქიცინით.
ბებია რომ გარდაიცვალა, ბეკი ჩუმად იწვა კიბესთან და ცრემლი ჩამოსდიოდა. სხვა დროს როგორც კი ქუჩის ღია კარს შენიშნავდა, გარეთ გარბოდა, მაშინ კი იყო თავისთვის, არც გარეთ გასვლა ახსენდებოდა და არც მომსვლელებს უყეფდა.
ბოლო ხანებში ძალიან დაბერდა. მე მგონი, აღარც ესმოდა. თავისი სახელის გაგონებაზე საერთოდ აღარ რეაგირებდა. უკანასკნელად დაახლოებით ერთი თვის წინ ვნახე, აშკარად ეტყობოდა, რომ ავად იყო. მივხვდი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა და მაინც, დღეს რომ მითხრეს, ბეკი მოკვდაო, საშინლად მომეწამლა ხასიათი. ვერც ცრემლები შევიკავე, რაზეც საყვედური მივიღე,"ცხოველზე" ტირილი ვის გაუგია, გაჩერდიო, მაგრამ რაც უნდათ, ის თქვან. ამ ცრემლების არ მრცხვენია. მერე რა, რომ "ზედმეტად დიდი ვარ ძაღლის გამო ტირილისთვის". ბეკი ჩემთვის "ცხოველი" კი არა, ნამდვილი ოჯახის წევრი იყო.

Friday, June 4, 2010

AR-GEN-TINA! AR-GEN-TINA!

რატომღაც ისე მოხდა, რომ საფეხბურთო კლუბებიდან მანჩესტერ იუნაიტედ ვგულშემატკივრობ და ნაკრებებიდან (რა საკვირველია, საქართველოს შემდეგ) არგენტინას. ისეთი ტიპის შენიშვნებს, როგორიცაა, „კაი რა, სად მანჩესტერ იუნაიტედი და სად არგენტინა“, კარგა ხანია შევეჩვიე. ისიც აღარ მაღელვებს, როცა მონდომებით ცდილობენ ამიხსნან, საფეხბურთო თვალსაზრისით რაოდენ სერიოზული დაპირისპირება არსებობს ინგლისსა და არგენტინას შორის. ჯერჯერობით რასაც ვერ შევეგუე, ეს არის მანიუში მოთამაშე არგენტინელების დაუფასებლობა ქართველი გულშემატკივრების მხრიდან. როგორც არ უნდა ეთამაშათ ჩემს არგენტინელებს, მათი გული რატომღაც ვერაფრით მოიგეს: ყოველთვის „არგენტინელ მათხოვრებად, მაიმუნებად“ და ათას უბედურებებად რჩებოდნენ, ჩასაფრებულები ელოდებოდნენ მათი მხრიდან თამაშის ჩაგდებას. არადა ჩემდა გასახარად, ინგლისურენოვან ფორუმებზე განსხვავებული სიტუაცია იყო. აქებდნენ, როცა საქებრები იყვნენ და ზომიერად აკრიტიკებდნენ, როცა ამისი მიზეზი ჰქონდათ.
მანიუს ქართველი გულშემატკივრების უმეტესობამ ან არ იცის, ან უბრალოდ თვალს ხუჭავს იმ ფაქტზე, რომ თავად მანკუნიელ ქომაგებს მეტნაკლებად ახასიათებთ ინგლისის ნაკრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. ამაზე მიუთითებს რიგი ცნობილი ბანერების, ქომაგთა სიმღერების თუ სლოგანებისა. (Republik of Mancunia, We all agree United are better than England, We are Manchester- not England). ალბათ ბევრმა არც ის იცის, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფანების ცნობილ სიმღერა „Argentina“–ს ჯერ კიდევ მანამდე მღეროდნენ, სანამ პირველი არგენტინელი–ხუან სებასტიან ვერონი მოირგენდა მათი საყვარელი გუნდის მაისურს. ამ სიმღერით ქომაგები ამხნევებდნენ დევიდ ბექჰემს, რომელსაც 1998 წლის ჩემპიონატში არგენტინის წინააღმდეგ თამაშისას მიღებული წითელი ბარათის გამო ინგლისის ნაკრების გულშემატკივართა და მედიის წარმომადგენელთა რისხვა დაატყდა თავს.
ერთი სიტყვით, მანჩესტერელი გულშემატკივრებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია არგენტინა–ინგლისის ურთიერთობები და მანიუს მაისურით მოასპარეზე არეგენტინელები მათთვის გუნდის წევრები არიან და არა „ვიღაც გადამთიელი არგენტინელი მათხოვრები“.




როგორც ზემოთ აღვიშნე, მანიუს მაისურით მოასპარეზე პირველი არგენტინელი იყო ხუან–სებასტიან ვერონი, ჩემთვის და ფეხბურთის მრავალი ქომაგისთვის საყვარელი სება. ალბათ ყველას კარგად ახსოვს იტალიურ კლუბებში მისი ბრწყინვალე თამაში. სერ ალექსიც დიდ იმედს ამყარებდა მასზე და 2001 წელს იმ დროისათვის ბრიტანეთისათვის სარეკორდო თანხად – 28.1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გადმოიბირა ლაციოდან.

ვერონის მანჩესტერული კარიერის დასაწყისი იმედისმომცემი აღმოჩნდა. ევერტონის წინააღმდეგ გაიტანა პირველი გოლი, შემდეგ იყო შესანიშნავად ჩატარებული თამაშები იფსვიჩისა და ნიუკასლის წინააღმდეგ, მნიშვნელოვანი, მეოთხე გოლი ტოტენჰემის წინააღმდეგ იმ ლეგენდარულ თამაშში, მანიუ ანგარიშით 3:0 რომ აგებდა და საბოლოოდ 3:5 გაიმარჯვა.შედეგად, ვერონი პრემიერლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
წარმატებულ სტარტს მოჰყვა სერიოზული ჩავარდნა. მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ სებამ ვერ გაუძლო პრემიერლიგის მაღალ ტემპს, ზედმეტად ნელი აღმოჩნდა. გულშემატკივრების მოთმინება თანდათან ილეოდა.
მომდევნო სეზონის დასაწყისი წინას მსგავსად ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლეოდა. სებამ თითქოს დაიწყო ჩვეულ ფორმაში ჩადგომა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა მისი რეალური ძალა. საოცარი გადაცემებით და ოთხი გატანილი გოლით ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჯგუფური ეტაპის გადალახვაში.
">
მერე იყო ტრავმები, პერიოდული გამონათებები და ჩაგდებული თამაშები. გულშემატკივრების და მედიის წარმომადგენლების გულისწყრომა თანდათან პიკს აღწევდა. ფერგი ყველანაირად იცავდა სებას და ერთხელ იდიოტებიც კი უწოდა მის მოწინააღმდეგეებს. ირწმუნებოდა, მომავალ სეზონშიც მანიუში დარჩება, არსად არ გავუშვებთო. თავად ვერონიც გამოთქვამდა კლუბში დარჩენის სურვილს. სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი იმედს იძლეოდა, რომ სება ერთხელ და საბოლოოდ შეძლებდა მანიუში თავის დამკვიდრებას. მაგრამ გამოჩნდა რომან აბრამოვიჩი და 28 მილიონ გირვანქა სტერლინგად ნაყიდი სება მანიუმ 15 მილიონად დაუთმო ჩელსის. არ ვიცი, სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება და შეეძლო თუ არა ვერონს მანიუში თავის უკეთ წარმოჩენა, მაგრამ მაშინ მისი გაშვება მძიმედ გადავიტანე. მით უმეტეს,ის სეზონი ჩემითვის ასევე ძალიან საყვარელი ფეხბურთელისთვის – ბექჰემისთვისაც უკანასკნელი იყო იუნაიტედში.



მეორე არგენტინელი მანიჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში ქართველი მანიუს ქართველი ქომაგებისაგან მრავალგზის ნაგინები და საოცარი ეპითეტებით „შემკული“ გაბრიელ ჰაინცე. არადა როგორი პირველი სეზონი ჩაატარა. დებიუტი აღნიშნა ბოლტონის კარში გატანილი გოლით. რაც მთავარია, ყოველგვარი გაჭიანურებული ადაპტაციის პერიოდის გარეშე დაიმკვიდრა ადგილი დაცვაში. უფრო მეტიც, 2004–2005 წწ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივართა გამოკითხვით წლის ფეხბურთელი გახდა. მეორე სეზონიც კარგად დაიწყო, მაგრამ ვილიარეალთან თამაშის დროს მიღებული ის საბედისწერო ტრავმა... გამოტოვა მთელი სეზონი, მერე დაბრუნდა მცირე ხნით რეზერვისტებში, მაგრამ ისევ მიიღო ტრავმა. მეტი რა უნდოდათ არგენტინისმოძულე მანიუს ქომაგებს. სალაპარაკო მიეცათ. ტრავმის გამო ფორმის დაკარგვა ეპატიებათ ბრაუნს, კარიკს, ჰარგრივზს და მრავალ სხვას, მაგრამ ჰაინცეს არავითარ შემთხვევაში – არგენტინელია და იმიტომ. ამასობაში ევრას ხანგრძლივი ადაპტაციის პერიოდიც დასრულდა, გაბიმ მანიუს ძირითად შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა და რეალში გადაბარგდა. ეს უკანასკნელი რატომ დაინტერესდა და რისთვის სჭირდებოდა, სხვა საკითხია და დღესაც ვერ ვხვდები ბოლომდე . სამაგიეროდ „მარსელში“ მის თამაშს ვადევნებდი თვალს და ძალიან მიხარია, რომ საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არც მაინცდამაინც არგენტინის და მით უმეტეს, არც მანიუს ქომაგებს შორის დიდი სიმპათიით არ სარგებლობს, მე ყოველთვის პატივს ვცემდი მას განსაკუთრებით იმისთვის, რომ ყველა თამაშში ცდილობდა და ცდილობს, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს და იბრძოლოს. ხან გამოსდის, ხან არა, მაგრამ ვთვლი, რომ საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და რომ არა ის საშინელი ტრავმა, გაცილებით უკეთ წარმოაჩენდა თავს.




და ბოლოს კარლიტო... სასაცილოა, მაგრამ მანაც ვერ მოიგო მანიუს ბევრი ქართველი ქომაგის გული. ოლდ ტრაფორდის ტრიბუნებს კი ამღერა „Argentina” და “Who’s that boy from Argentina”, ორწლიანი იჯარის შემდეგ იმასაც იხვეწებოდნენ, ფერგი, გაუფორმე კონტრაქტიო, მაგრამ ინგლისისთვის თავდადებული ქართველებისათვის თავის მოწონება ასე ადვილი არაა, როცა არგენტინელი ხარ. ტევესის კლუბიდან წასვლა ლამის ზეიმად და გუნდის გაძლიერებად გამოაცხადეს. რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი რა სათქმელიაო, საერთოდ ვერ გაამართლაო და სხვა მსგავსი ფრაზები უხვად მოვისმინე და წავიკითხე. ალბათ არ უნდა ვაქცევდე ასეთ რამეებს ყურადღებას, მაგრამ ვერ ვახერხებ. მაინც ვუსმენ, ვკითხულობ და რომ მახსენდება მისი გადამწყვეტი გოლით მოგებული თამაშები, გული მწყდება. თან არ დაგვავიწყდეს, მანიუში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელობა არ ეღირსა, უმეტეს შემთხვევაში სათადარიგოზე იჯდა და მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მანიუში დარჩენისა. სიტის მაისურით მის ბრწყინვალე თამაშს რომ ვუყურებ, გული მტივა და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ კარლიტოს გაშვება დიდი შეცდომა იყო.


P.S. მსოფლიო ჩემპიონატი მოახლოვდა. ჩემდა გასაკვირად, სამივე ექს–მანჩესტერელი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაშია. წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს. Vamos Argentina.




Friday, May 14, 2010

უცნაური ტრანსფერები ანუ ამბავი ლუდში, ბურთსა და არმატურაში გაცვლილი ფეხბურთელებისა

ჩემი ბლოგი „ჩემი“ არ იქნება, თუ პერიოდულად ფეხბურთზე არ დავწერე. ამჯერად ყურადღებას უცნაურ საფეხბურთო ტრანსფერებზე შევაჩერებ. დღეს რომ ფეხბურთი სერიოზული ბიზნესია, არავისთვის არაა საიდუმლო, ასევე ყველას კარგად მოგვეხსენება იმ მილიონების (არცთუ იშვიათად კი ათეული მილიონის) შესახებ, რომლებსაც კლუბები ხარჯავენ სასურველი ფეხბურთელების შესაძენად, მაგრამ ამ სტატიის წერამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის ბარტერი არსებობს. ისე, "სხვათა შორის" ვეძებდი და მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ფეხბურთელების ნივთებში გაცვლის ამდენ შემთხვევას თუ "აღმოვაჩენდი".

(აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი მოძიებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მაინცდამაინც სანდო წყაროებიდან არ არის და შესაბამისად, მის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სამაგიეროდ სახალისოა, ყოველ შემთხვევაში, მე კარგად გავერთე და ამიტომ გადავწყვიტე ბლოგის სტატიის „გამოცხობა“).

მაშ ასე, დავიწყე.

ერთ–ერთი პირველი უცნაური ტრანსფერი 1921 წელს „გაიჩარხა“, როდესაც ჰალ სიტიმ კარდუერფის ადგილობრივი კლუბისგან გადაიბირა შემდგომში შეფილდ უენსდის ლეგენდა ერნი ბლენკინსოპი. მისი სატრანსფერო ღირებულება იყო მთელი 100 (ზოგიერთი წყაროს მონაცემით, 200) ფუნტი სტერლინგი და... 80 პინტი ლუდი.

ჰალ სიტის არც მანჩესტერ იუნაიტედი ჩამორჩა. 1927 წელს მან ფინანსური პრობლემების მქონე სტოკპორტ ქაუნთის ჰიუ მაკლენაჰანის სანაცვლოდ ნაყინით სავსე მაცივარი გადასცა.

ფეხბურთის განვითარებასთან ერთად უფრო მრავალფეროვანი გახდა ფეხბურთელში გასაცვლელი საქონელი. კვების პროდუქტებს დაემატა საფეხბურთო ფორმები, ბურთები და სხვა ნივთები. ასე მაგალითად, 1981 წელს იამაიკური წარმოშობის ფეხბურთელი ჯონ ბარნსი (შემდგომში ლივერპულის და ინგლისის ნაკრების ლეგენდა ) სადბარიმ უოტფორდს საფეხბურთო ფორმის ერთ კომპლექტში გაუცვალა. (6 წლის მერე ბარნსის ტრანსფერში ლივერპულმა 900 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა), გარი პალისტერის სანაცვლოდ კი მიდლსბრომ ბილინგემს გადასცა საფეხბურთო ფორმა, ბურთები და კარის ბადე. (ხუთი წლის მერე ბორომ პალისტერი 2.3 მილიონ ფუნტ სტერლინგად მიჰყიდა მანჩესტერ იუნაიტედს). ასეთ ფონზე ხელგაშლილობას ვერ დავუკარგავთ ფულემს, რომელმაც 1999 წელს ზეტ ნაითის სანაცვლოდ რასჰოლ (თუ რაშოლ, მოკლედ, Rushall) ოლიმპიკს 30 სპორტული ქურთუკი გადასცა. ორმაგად დასაფასებელია ეს გულუხვობა იმის გათვალისწინებით, რომ ნაითი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ფულემის მხრიდან ქურთუკების გადაცემა მხოლოდ კეთილი ნების ჟესტი იყო.

საფეხბურთო აღჭურვილობამ საკვები პროდუქტები ბოლომდე ვერ ჩაანაცვლა. მაგალითად, 1979 წელს დანიელ ალიენდე ურუგვაულ კლუბ „სენტრალ ესპანიოლში“ იმ პირობით გადავიდა, რომ მას „ხელფასის“ სახით „გადაუხდიდნენ“ 550 ცალ ბიფშტექსს (ყოველკვირეულად 25–ს). 1998 წელს კი რუმინულმა კლუბმა ჟიულ პეტროშანმა თავისი ფეხბურთელი იონ რადუ ვალკეას 2ტონა ხორცში გაუცვალა. კლუბის პრეზიდენტის განცხადებით, ხორცის რეალიზაციით მიღებული თანხით უნდა მომხდარიყო სხვა ფეხბურთელების ხელფასის გადახდა. ჟიულ პეტროშანი უცნაური ტრანსფერების ამბავში მართლაც რომ განსაკუთრებული მოვლენაა. ამავე წელს კლუბმა მცველი ლივიუ ბაიკეა 10 ბურთად "გაყიდა".
2006 წელს ასევე რუმინულმა კლუბმა რეგალ ორნიამ მარიუშ ჩიოარას ტრანსფერისთვის არადს 15 კილოგრამი ძეხვი გადასცა. ტრანსფერის განხორციელებიდან 1 დღის შემდეგ ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა, რაც იმით ახსნა, რომ მისთვის აუტანელი გახდა ძეხვთან დაკავშირებული ხუმრობების მოსმენა . რეგალ ორნიამაც არ დააყოვნა და არადს გადაცემული პროდუქტის დაბრუნება მოსთხოვა. მოკლედ, მაგარი ხალხია რუმინელები. უცნაური ტრანსფერების მხრივ ინგლისელებს კი არ ჩამოუვარდებიან, პირიქით, მგონი, უსწრებენ კიდეც.



და ბოლოს, ჩემი ფავორიტი სამეული:



3) 2006 წელს რუმინელი მეკარის კრისტიან ბელგრადეანის მინერულადან ჟიულიში გადასვლის საკითხში ჩართული იყო არც მეტი, არც ნაკლები – ქალაქ ლუპენის მერი. მან უარი განაცხადა სატრანსფერო თანხის აღებაზე, სამაგიეროდ „ჟიულის“ მეპატრონისაგან მოითხოვა ლუპენში გაზსადენის გაყვანა, რისთვისაც საჭირო იყო დაახლოებით 150 ათასი ევრო.


2) როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, 1982 წელს ტონი კასკარინოს (შემდგომში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელის) სანაცვლოდ ჯილინგემმა კროკენჰილს გადასცა სტადიონისთვის საჭირო არმატურა. თავად ყოფილი ფეხბურთელი იფიცება, ჩემს სანაცვლოდ კროკენჰილმა არმატურა კი არა, სპორტული აღჭურვილობა მიიღოო... მაგრამ ვინ იცის... ისე ალბათ ძალიან რთულია ჯერ გაცნობიერება და შემდეგ აღიარება იმისა, რომ საკუთარი კლუბი ჯართში... უკაცრავად, არმატურაში გცლის. არა, ამას მართლა გაცილებით სჯობია სპორტულ აღჭურვილობაში გაცვლა.

1) (თავიდან რატომღაც მეგონა, რომ რუმინულ და ბრიტანულ ტრანსფერებს ვერავინ გაუწევდა კონკურენციას, მაგრამ ნურას უკაცრავად),2002 წელს გადაწყდა ნორვეგიის მესამე დივიზიონის კლუბ ვინბიარტიდან ფლუიში ვინმე კენეტ კრისტენსენის გადასვლის საკითხი . „სატრანსფერო ღირებულებად “ დასახელდა ფეხბურთელის წონა ...აბა თუ მიხვდებით, რა. ... არც ოქრო, არც ვერცხლი (თქვენ წარმოიდგინეთ, არც არმატურა)... არამედ კრევეტები. დიახ, კრისტენსენის "სატრანსფერო ღირებულება"შეადგენდა იმდენ კილოგრამ კრევეტს, რამდენსაც თავად ფეხბურთელი იწონიდა. გადასაცემი საქონლის ოდენობის სწორად განსაზღვრის მიზნით ფეხბურთელი აწონეს, რის შედეგადაც საბოლოოდ გაირკვა მისი "ფასი "– არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად 75 კილოგრამი კრევეტი.

Wednesday, May 12, 2010

ტაოკლარჯული შთაბეჭდილებები

არის, ასრულდა. ჯერ კიდევ როდის მინდოდა და ვგეგმავდი ამ ადგილების მონახულება, მაგრამ ვერ მოვახერხე. ბოლოსდაბოლოს როგორც იქნა, დავადგი საშველი. მართალია, ნაჩქარებად, გადარბენით, მაგრამ მაინც მოვინახულე ტაო–კლარჯეთი.
თავიდან წასვლაზე ვორჭოფობდი. პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს მოგზაურობა ჩემი დის სამსახურში დაგეგმეს და ისე გამოვიდა, რომ მე ფაქტობრივად უცნობ ხალხს „ავეკიდე“, მაგრამ საბოლოოდ ტაო–კლარჯეთის მონახულების სურვილმა მძლია და შვიდ მაისს დილის შვიდ საათზე ჩემი დის თანხმებით „რედისონთან“ გამოვცხადდი. ჩემი თანამგზავრები საკმაოდ სასიამოვნოები აღმოჩნდნენ, რამდენიმეს განსაკუთრებით დავუახლოვდი და მათთან ერთად მშვენიერი დროც გავატარე. გიდიც მომეწონა. მშვიდი და კარგი ტემბრის მქონე ქალბატონი იყო. ცალკე საუბრის თემაა ჩვენი მძღოლი, როგორც გიდი იტყოდა, არჩილ მაღრაძე იგივე აჩიკო _ რაღაცნაირი მორიდებული და დადებითი ტიპი. მართალია, მისი მაგნიტოფონიდან მგზავრობის განმავლობაში დაახლოებით 15–ჯერ გაჟღერებულმა „ბელიე როზი“–მ“ და „მილიონ ალიხ როზ“–მა ჯერ საყოველთაო მხიარულება, შემდეგ შეშფოთება, აღშფოთება და ბოლოს გმობაც კი გამოიწვია, მაგრამ ეგ არაფერი, ნაკლი ვის არ აქვს. სამწუხაროდ, მანქანამ გვიმტყუნა. თურქეთის ტერიტორიაზე რამდენჯერმე გაფუჭდა. ჩვენც გაგვიგრძელა მგზავრობა და მძღოლიც ძალიან დააზარალა. სამაგიეროდ ამინდმა გვცა პატივი: მთელი სამი დღის განმავლობაში თბილოდა. წვიმის გვეშინოდა. სველ ამინდში რამდენიმე ძეგლის მონახულება ან ძალიან გაგვიჭირდებოდა, ან საერთოდ ვერ შევძლებდით.
რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ტაო–კლარჯეთის უმშვენიერეს ბუნებაზე. განსაკუთრებით მომეწონა მდინარე თორთუმის ხეობა ულამაზესი კანიონებით, ტბით და ჩანჩქერით.



ძალიან საინტერესო იყო ე.წ. "ჯოჯოხეთის კარიბჭე". ეს არის გვერდიგვერდ განლაგებული ორი კლდე შუაში ძალიან ვიწრო ბუნებრივი გასასვლელით, რომელიც მდელოზე გადის. სამწუხაროდ, ჯოჯოხეთის კარიბჭემდე როცა მივაღწიეთ, უკვე ბინდდებოდა და მისი გავლა ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ გარეგნულად შევათვალიერეთ.არაჩვეულებრივ ადგილას იყო ჩვენი სასტუმრო – მდინარე პარხალის ნაპირას, ლამაზ ხეობაში. აღარაფერს ვამბობ ძეგლების უმეტესობის საოცარ ბუნებრივ მდებარეობაზე. რა საკვირველია, აქაური ბუნება და ლანდშაფტი საოცრად ჰგავს საქართველოს, შეიძლება ითქვას, განსხვავებულია მხოლოდ მდინარის მოწესრიგებული კალაპოტები, კარგი გზები და ყოველ დასახლებულ პუნქტში აგებული მეჩეთები.

თურქეთის იმ მაცხოვრებლებზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა, ვისთან კონტაქტი მომიწია სამი დღის განმავლობაში.საბაჟოს თანამშრომლებს თუ არ ჩავთვლით, მანქანის „წყალობით“ პირველად სოფელი არდაგანის, იგივე არტაანის ავტოსახელოსნოს მუშებთან მოგვიხდა ურთიერთობა. მთელი ორი საათის განმავლობაში მანქანას „არემონტებდნენ“ და ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, უარესად დააზიანეს. სამაგიეროდ, თუ თავიდან ავტოსახელოსნოში დაგვხვდა ორი მუშა, წამოსვლის დროისთვის უკვე მოგროვდა სულ ცოტა რვა და ყველა მათგანი უთავსაფრო, უჩადრო მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს სამუზეუმო ექსპონატებივით გვაკვირდებოდა. პირველად და ყველაზე მძაფრად მაშინ ვიგრძენი, რომ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით გურჯისტანის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი. მთელი მოგზაურობის განმავლობაში თურქეთის სულ ორ ქალაქში – იუსუფელსა და არტანუჯში ვიყავით ტკბილეულობის და სუვენირების შესაძენად. სხვათა შორის, იმ მცირე დროის განმავლობაში, რომელიც ამ ქალაქებში გავატარეთ, რამდენიმე ქართველი თურქი შეგვხვდა. "გამარჯობა" და "როგორ ხარ" კი იცოდა თითქმის ყველა გამყიდველმა, რომლებიც მაღაზიაში შესვლისას მომღიმარი სახით ცდილობდნენ მოტყუებას და ყველა ნივთისთვის იმდენივე დოლარს ითხოვდნენ, რამდენი ლირაც ღირდა. თუმცა ფასს ვინ ჩიოდა, დიდი მონდომებით ვცდილობდი რამე სუვენირის შეძენას, მაგრამ არჩევანი იყო იმდენად მწირი, რომ ვერაფერი შევარჩიე. საბოლოოდ მხოლოდ გაჭირვებით ნაყიდი რახათლუხუმის და ჰალვის წამოღება მოვახერხე. ძალიან მომეწონა ჩვენი სასტუმროს მეპატრონე ქართველი თურქი, რომლის სახელი სამწუხაროდ, არ მახსოვს. ყოველ დღე სათითაოდ ყველას ქართულად გვესალმებოდა, მოგვიკითხავდა და ქართული სიმღერის თანხლებით გვაცილებდა. მისი შვილიც კარგი ვინმე იყო. ასე გვითხრა, გურჯულად ზურაბა მქვიაო. შეგვპირდა, ქართული ჯერ „ფინთად“ ვიცი, მაგრამ ვისწავლიო. კიდევ ერთი მაგარი კაცი გავიცანით, ქართველი თურქი ჯემალა. საკმაოდ კარგად ესმოდა ქართული და ლაპარაკობდა კიდეც. თურქეთში ყოფნის მეორე ღამე შვიდმა კაცმა გავათენეთ, ლუდს ვსვამდით და ვისაც სიმღერა შეეძლო (ჩემგან განსხვავებით), მღეროდა. ჯემალაც ჩვენთან ერთად იყო. რა თქმა უნდა, ლუდზე სასტიკი უარი თქვა, მაგრამ სამაგიეროდ სიმღერასა და საუბარში აგვყვა,თან ტექსტიდან ყურმოკრული ქართული სიტყვების განმარტებას გვთხოვდა. საკმაოდ დიდხანს და ბევრ თემაზე გველაპარაკა. ბოლოს ალ პაჩინოსა და ფეხბურთსაც კი გადავწვდით. ფენერბახჩეს გულშემატკივარი აღმოჩნდა, გალათასარაი და ბეშიქთაში ფინთია, ფენერბახჩე კარგიო.

დროა, მთავარზე – ძეგლებით მიღებულ შთაბეჭდილებაზე გადავიდე. ძალიან ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, მაგრამ მაინც შევეცდები. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე ქართული ძეგლი მუსლიმურ დასახლებაში მდებარეობს, ზოგ მათგანში ახლო წარსულში ჯამე იყო, ხახულის მონასტერში საერთოდაც მოქმედი მეჩეთია. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი მაცხოვრებლები ქართველი ტურისტების მიმართ აგრესიულად ყოფილან განწყობილები და საკმაო დაბრკოლებას უქმნიდნენ მათ. ამჟამად სიტუაცია აშკარად შეცვლილი დაგვხვდა. ჩვენს მიმართ ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდათ და ტაძრების დათვალიერება უპრობლემოდ შევძელით. მხოლოდ დოლისყანის და ხახულის მონასტრებში შესვლისთვის დაგვჭირდა მცირე თანხის გადახდა. ოშკთან კი პატარა ბავშვების ჯგუფი „აგვეკიდა“ „დოლარის“ და „ალაჰის“ ყვირილით. მიიღეს „კუთვნილი" თანხა და კანფეტები და შეგვეშვნენ. ეს იყო და ეს.


პირველი ძეგლი, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა მოინახულა, იყო ბანას დიდებული ტაძარი. მოგზაურობის განმავლობაში პირველად გამიჩნდა კითხვა, რა დავაშავეთ ისეთი, რომ ეს საოცრება აღარაა საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში–მეთქი. შემდგომში სხვა ძეგლების დათვალიერებისას ეს კითხვა სულ თავში მიტრიალებდა. თავის დროზე ბანა ყოფილა სამსართულიანი ტაძარი, დღეს მხოლოდ პირველი სართულის ფრაგმენტებია შემორჩენილი, თუმცა ამ ნანგრევებითაც შეიძლება წარმოდგენა, რა საოცარი ნაგებობა იქნებოდა ოდესღაც. ბუნებრივი მდებარეობაც არაჩვეულებრივი აქვს. ტაძრის ყველა მხრიდან ულამაზესი ხედი იშლება. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ თურქ მენახირეებს ძროხების საძოვრად მაინცდამაინც მონასტრის ტერიტორია აურჩევიათ.









ჩვენს მიერ მონახულებული შემდეგი ძეგლი შატბერდი იყო.პატარა, მაგრამ ლამაზი ტაძარია, არაჩვეულებრივი ბუნებრივი მდებარეობით. სამწუხაროდ, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ბევრი სხვა ქართული ძეგლის მსგავსად, ისიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია.





შატბერდის მერე დოლისყანისკენ გავემართეთ. ეს მეათე საუკუნის პატარა ეკლესია მდინარე იმერხევის ხეობაში, სოფელ ჰამამლიში მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ აქ ჯამე ყოფილა. ამიტომ სხვა ძეგლებთან შედარებით უკეთაა შემონახული. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები და ბარელიეფები. განსაკუთრებით საინტერესოა სამხრეთის სარკმელი მთავარანგელოზების გამოსახულებითა და ასომთავრული წარწერით.







დოლისყანიდან გეზი ხანძთისკენ ავიღეთ. მონასტრისკენ მიმავალი გზა მთებზე გადის, საკმაოდ ვიწრო და სახიფათოა. წვიმა რომ ყოფილიყო, ალბათ საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა დანიშნულების ადგილამდე მიღწევა. დატვირთული დღის ბოლოს უკვე დაღლილებს რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხითაც მოგვიხდა, მაგრამ ტაძართან მისულებს სადღა გვახსოვდა დაღლა და შიში. ულამაზეს, მწვანით შემოსილ კლდეებს შორის იდგა ერთ დროს დიდებული ტაძარი. ახლა კი... ახლა მართლა საშინელ მდგომარეობაშია. მთელი მოგზაურობის განმავლობაში ყველაზე მეტად ხანძთის მონახულებისას დამწყდა გული. სამრეკლო ნახევრად მიწაშია ჩაფლული, ტაძრის გუმბათის დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტი კი სავალალო დღეშია და ყოველ წუთს შეიძლება ჩამოინგრეს.




მესამე დღე იშხნის მონასტრის მონახულებით დაიწყო. იმდენი არაჩვეულებრივი ძეგლის ხილვის შემდეგ ასე ძალიან კიდევ თუ გამაოცებდა რამე, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ულამაზესი გუმბათი, საოცარი ჩუქურთმებით შემკული სარკმლები და სვეტები, ფრესკების ფრაგმენტები... ყველაფერი იმდენად დახვეწილი და ჰარმონიულია, რომ ამ ტაძრის ნახვით მიღებული შთაბეჭდილებების სრულად გადმოცემა ჩემს ძალებს აღემატება.







იშხნიდან წამოსულები ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთ სასწაულს – ოშკს ვესტუმრეთ. ბუნებრივი მოვლენების, ხანძრისა და ადგილობრივი მოსახლეობისგან დაზიანებული ტაძარი მაინც საოცრად დიდებულია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. გამოირჩევა ულამაზესჩუქურთმიანი სვეტებით. ოშკს თავის დროზე ამშვენებდა უნიკალური ბარელიეფები, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად ჩამონგრეული და დაკარგულია. ერთ კედელზე შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტი ბანას მონასტრის გამოსახულებით. უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ ტაძარს დახმარება სჭირდება. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ვიხილე, ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდი.სანამ ჯერ კიდევ ძალიან დაგვიანებული არაა, სასწრაფოდ უნდა მოხდეს სათანადო ზომების მიღება. როგორც ვიცი, ამ საკითხზე თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედია, ოშკისთვის სასიკეთოდ დასრულდება.


















ჩვენს მიერ მონახულებული ბოლო ძეგლი ხახულის მონასტერი იყო, ქართული ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ნიმუში. ტაძარში ამჟამად მოქმედი მეჩეთია. ალბათ ამიტომაა, რომ გარეგნულად შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ოშკი და იშხანი, მაგრამ ტაძრის შიდა კედლები შეუღებავთ და ფრესკის ფრაგმენტები მხოლოდ გუმბათზეა შემორჩენილი. ხახულს საკმაოდ უხვად ამშვენებს რელიეფური გამოსახულებები და ჩუქურთმები. გამორჩეულად ლამაზია ტაძრის სამხრეთი სარკმელი არწივის გამოსახულებიანი რელიეფით და თაღით.









ტბეთი , პარხალი, ოთხთა, ქაჯეთის ციხე... კიდევ რამდენი რამ დარჩა სანახავი. დასანანია... სამი დღე მეტისმეტად მცირე დრო არმოჩნდა. ჩამოვედი შთაბეჭდილებებით სავსე და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები ბებერ ტაო კლარჯეთში, სულ მცირე, ერთხელ მაინც.